საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქ. ასტანის საერთაშორისო აეროპორტის ვიპ–დარბაზში გაიმართა „ქართული ღვინის კვირეული“.

საქართველოს საელჩოს ორგანიზებით და ყაზახეთის რესპუბლიკის ეროვნული ავია-კომპანია „Air Astana"-ს, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს, და საქართველოს სომელიეთა ასოციაცის მხარდაჭერით 2016 წლის 18-23 მარტს ქ. ასტანის საერთაშორისო აეროპორტის ახალად გახსნილ ვიპ-დარბაზში გაიმართა „ქართული ღვინის კვირეული". ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნა ქართული კომპანიების სს „თბილღვინოს", სს „სარაჯისშვილის" და კომპანია „ზეარისის" პროდუქცია. ღონისძიებას ესწრებოდა ყაზახეთის რესპუბლიკაში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელები, ავია-კომპანია „Air Astana"-ს ხელმძღვანელობა, ყაზახეთის ბიზნეს სექტორის და მასმედიის წარმომადგენლები, ასევე ბიზნეს კალასის საერთაშორისო რეისების მგზავრები.

ქართული ღვინის კვირეულის გახსნითი ცერემონიის ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა ბატონ ზ. პატარაძემ, რა დროსაც ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების აქტუალურ საკითხებზე.

ღონისძიების ფარგლებში სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა ექსპოზიცია, ქართული ღვინისა და ვაზის კულტურის თაობაზე, რომელიც წარმოდგენილი იქნა საქართველოდან სპეციალურად აღნიშნული ღონისძიებისათვის მოწვეული სომელიეთა ასოციაციის წევრის ბატონი გ. დარსიმელიას მიერ. პრეზენტაციის ფარგლებში ხაზი გაესვა საქართველოში მეღვინეობის უძველესი კულტურის და ტრადიციის უწყვეტობის ასპექტებს. პრეზენტაციის ფარგლებში ასევე აღინიშნა იუნესკოს მიერ ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ტრადიციული მეთოდის მსოფლიო არამატერიალური კულტურის ნიმუშად აღიარების შესახებ. ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნა ქართული ყველის სხვადასხვა სახეობები და ტკბილეული. გაიმართა ქართველი ღვინისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების დეგუსტაცია, რამაც მოწვეული სტუმრების მაღალი შეფასება დაიმსახურა.

ქ. ასტანის საერთაშორისო აეროპორტში „ქართული ღვინის კვირეულის" გამართვა მიზნად ისახავდა ქართული კულტურის, ისტორიის, ტრადიციებისა და ქვეყნის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციას, ასევე საექსპორტო პოტენციალის ზრდის ხელშეწყობის მიზნით ფართო მასებში ცნობადობის ამაღლებას ქართული ეროვნული წარმოების პროდუქციაზე.

ღონისძიების ფარგლებში საქართველოს საელჩოს მიერ წარმოდგენილი იქნა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული საინფორმაციო ილუსტრირებული ბროშურები საქართველოს კულტურული და ისტორიული ღირსშესანიშნაობების, საქართველოს ტურისტული რეგიონების პოტენციალისა და ეთნოგრაფიული კუთხეების, საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და განხორციელებული რეფორმების შესახებ.