საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქ. ასტანაში აჭარის დღე გაიმართა

2016 წლის 25 აპრილს ქ. ასტანაში ზაფხულის ტურისტული სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით, ქვეყნის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენის მიზნით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის და საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა აჭარის დღეები ქ. ასტანაში.

ღონისძიებას დაესწრო 150-მდე სტუმარი, მათ შორის ყაზახეთის რესპუბლიკაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების, ყაზახეთის რესპუბლიკის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე ბიზნეს-წრეების, კულტურის სფეროს, მასმედიის, წამყვანი ტურისტული კომპანიების და ტურისტული ასოციაციის წევრების წარმომადგენელები. ღონისძიებას ასევე დაესწრნენ ქ. ასტანაში მოქმედი ქართული დიასპორების წევრები.

ღონისძიების ფარგლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ გაიმართა პრეზენტაცია საქართველოს ტურისტული რეგიონების პოტენციალის შესახებ, რომლის ფარგლებში დამსწრე საზოგადოების წინაშე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა სახის სუვენირები, საინფორმაციო ილუსტრირებული ბროშურები და ვიდეო რგოლები, ინფორმაცია საქართველოს კულტურული და ისტორიული ღირსშესანიშნაობების, ტურისტული რეგიონების პოტენციალისა და ეთნოგრაფიული კუთხეების, ეკონომიკური განვითარებისა და განხორციელებული რეფორმების შესახებ.

პრეზენტაციის ფარგლებში წარმოდგენილი იქნა ფოტო და ვიდეო მასალა საქართველოს მრავალფეროვანი ლანდშაფტების, შავი ზღვის სუბტროპიკული ზონის, სამთო-სათხილამურო კურორტების, მდინარეების და ჩანჩქერების, სამკურნალო თვისებების მქონე მინერალური წყლების და ბალნეოლოგიურ-კლიმატური კურორტების შესახებ. ასევე ისტორიული ძეგლების, ტრადიციული ქართული სტუმართმოყვარეობის და განთქმული ქართული სამზარეულოს შესახებ, რაც წარმოაჩენს საქართველოს ტურისტულ ქვეყნად.

ასევე, აღინიშნა, რომ საქართველოში ტურიზმის განვითარების ნათელი მაგალითია აჭარის რეგიონის შავი ზღვის სანაპირო. რეგიონში მოქმედებს, ან გახსნის პროცესშია პრაქტიკულად ყველა მსოფლიო ბრენდის სასტუმრო. ვრცელი ინფორმაცია მიწოდებული იქნა საქართველო-ყაზახეთის ორმხრივ ურთიერთობებზე და საქართველოში განხორციელებული რეფორმების შესახებ, რომლის წყალობით უზრუნველყოფილია დამსვენებელთა უსაფრთხოება. აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის არ არსებობს ენობრივი ბარიერი, რაც თავის მხრივ ასევე ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას.
დამსწრე საზოგადოებას განემარტა, რომ ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს და ყაზახეთის რესპუბლიკის მუდმივი ბინადრობის მოწმობის მქონე პირებს შეუძლიათ იმოგზაურონ საქართველოს ტერიტორიაზე უვიზოდ 1 წლის განმავლობაში.

ხაზგასმით აღინიშნა, რომ უკანასკნელ პერიოდში ყაზახურ ბაზარზე საგრძნობლად გაიზარდა საქართველოს, როგორც ტურისტული მიმართულებისადმი ინტერესი. სტატისტიკური მონაცემების თანახმად 2015 წელს საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკიდან ვიზიტორთა რიცხვი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით 29%-ით გაიზარდა.

ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს ეცნობათ, რომ ყაზახეთის რესპუბლიკის საერთაშორისო ავიაკომპანია „SkyBus"-ის გადაწყვეტილებით 2016 წლის ტურისტული სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით დაგეგმილია ჩარტერული რეისების განხორციელება ბათუმის მიმართულებით ქ. ასტანიდან, ქ. ალმატიდან, ქ. აქტაუდან, ქ. ატირაუდან, ქ. აქტუბინსკიდან, ქ. ყარაგანდიდან, ქ. კოსტანაიდან, ქ. კიზილორდიდან და ქ. ჩიმკენტიდან. ყაზახეთის რესპუბლიკის ეროვნული ავია-კომპანია „Air Astana"-ს გადაწყვეტილებით 2016 წლის 2 ივნისიდან ამოქმედდება ავიარეისები თბილისი-ასტანას მიმართულებით. საქართველოს საელჩო, ასევე აწარმოებს მოლაპარაკებებს ავია-კომპანია „Air Astana"-სთან ასტანა-ბათუმის მიმართულებით ჩარტერული რეისების დანიშვნასთან დაკავშირებით. ჩარტერული რეისების დანიშვნა ბათუმის მიმართულებით დიდ წილად განპირობებული იქნა მოსახლეობის მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე.
აჭარის დღეების ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას საშუალება მიეცათ დაეგემოვნებინათ სხვადასხვა სახის ქართული კერძები და ტკბილეული, ასევე წარმოდგენილი იქნა ქართული ღვინო, ჭაჭა, ლიმონათი და მინერალური წყლები. ღონისძიებას ამშვენებდა ქართული ჰანგები ანსამბლი „ქობულეთის" შესრულებით. ანსამბლი სპეციალურად უქნა ჩამოყვანილი საქართველოდან აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობის მიზნით. ასევე, ქართული ცეკვები იქნა შესრულებული ადგილობრივი ანსამბლის „თბილისის" მიერ, რამაც სტუმართა განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.

პრეზენტაციის დასასრულს გაიმართა ქართული სამზარეულოს მასტერ-კლასი, რომლის ფარგლებში ქართველი მზარეულის დახმარებით სტუმრებს საშუალება მიეცათ მოემზადებინათ აჭარული ხაჭაპური, ასევე ღონისძიების ფარგლებში გაიმართა სახვადასხვა სახის ვიქტორინები და კონკურსები. აღსანიშნავია, რომ უკლებლივ ყველა სტუმარს გადაეცა საჩუქრები და ილუსტრირებული ბროშურები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ.

აჭარის დღეების გაშუქება უზრუნველყოფილი იქნა ყაზახეთის რესპუბლიკის მაღალრეიტინგული მასმედიის წარმომადგენლების მიერ, მათ შორის ვრცელი სიუჟეტი გავრცელდა ტელეკომპანია Kazakh TV-ს და ХАБАР-ის მიერ, ასევე ვრცელი სტატიები გამოქვეყნდა ყაზახეთის რესპუბლიკის ინტერნეტ სივრცეში და ბეჭდურ პრესაში.