საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

შედგა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ზ. პატარაძის ვიზიტი ქ. შიმკენტში

2015 წლის 1 - 2 ოქტომბერს რეგიონალური ეკონომიკური შესაძლებლობების შეფასების და რეგიონალური სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიზნით საქართველოს ელჩი ზ. პატარაძე სამუშაო მივლინებით ეწვია სამხრეთ ყაზახეთის ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრს ქ. შიმკენტს, რომლის ფარგლებშიც შედგა შეხვედრა სამხრეთ ყაზახეთის ოლქის აკიმთან (გუბერნატორი) ბატონ ბეიბუტ ატამკულოვთან და ქ. შიმკენტის აკიმთან (მერთან) ბატონ გაბიდულა აბრახიმოვთან. ამასთან, ქ. შიმკენტში განხორციელებული ვიზიტის ფარგლებში ზ. პატარაძე დაესწრო დსთ-ს წევრი ქვეყნების საგადასახადო სამსახურების ხელმძღვანელების საკოორდინაციო საბჭოს რიგით 22-ე სხდომას, რომელშიც საპატიო სტუმრების სტატუსით მონაწილეობას იღებდნენ საქართველოსა და კორეის დელეგაციები.

სამხრეთ ყაზახეთის ოლქის აკიმთან გამართული შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა საქართველო-ყაზახეთის ორმხრივი რეგიონთაშორისო თანამშრომლობის ფართო სპექტრი, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური, საინვესტიციო და კულტურულ-ჰუმანიტარული საკითხები, ხაზი გაესვა რეგიონთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას.

ბატონ ბ. ატამკულოვმა დიდი ინტერესი გამოიჩინა საქართველოს მიერ გატარებული რეფორმებით და სურვილი გამოთქვა შესაბამისი შეთანხმების და ანაზღაურების საფუძველზე მოიწვიოს ქართველი სპეციალისტები, რომლებიც უზრუნველყოფენ ელექტრონული მთავრობის, ასევე საქართველოს იუსტიციის სახლის პრინციპზე სერვისებისა და მომსახურების დარგში ერთი ფანჯრის პრინციპის სისტემის დანერგვას. ასევე, ბატონ ბ. ატამკულოვმა მზაობა განაცხადა ეწვიოს საქართველოს, რათა ადგილზე გაეცნოს საქართველოს იუსტიციის სახლის მუშაობას და საქართველოს თვალსაჩინო წარმატებებს ტურიზმის განვითარების სფეროში. ყაზახურმა მხარემ დიდი ინტერესი გამოიჩინა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურისტული პოტენციალით.

შეხვედრის ფარგლებში ყაზახურ მხარეს მიეწოდა ინფორმაცია საქართველოში ბიზნესის დაწყების და წარმოების გამარტივებული რეგულაციების, მიმზიდველი საინვესტიციო კლიმატის და ლიბერალური საგადასახადო სისტემის შესახებ, რაც დასტურდება მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) ყოველწლიური რეიტინგით (Doing Business), რომლის თანახმად 2015 წელს ბიზნესის წარმოების სიმარტივის რეიტინგში 189 ქვეყანას შორის საქართველომ 15-ე პოზიცია დაიკავა, რაც განსაკუთრებულად მიმზიდველს ხდის საქართველოს უცხოური ინვესტიციებისათვის.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა, რომლის შემადგენელი ნაწილიცაა DCFTA ასევე ხელს შეუწყობს ორმხრივი თანამშრომლობის ინტენსიფიკაციას. აღინიშნა, რომ ქართული მხარე დაინტერესებულია სამთავრობო და კერძო დონეზე კავშირების გაღრმავებით, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის, ტურიზმის განვითარებით და ჩვენი ქვეყნების სოფლის მეურნეობის პროდუქტების პოპულარიზაციით. ასოცირების შესახებ შეთანხმების ახალი შესაძლებლობების გათვალისწინებით მივესალმებით ყაზახ მეწარმეებსა და ინვესტორებს საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების შესასწავლად. ამ კონტექსტში ყაზახურმა მხარემ მზაობა გამოთქვა ხელი შუწყოს ყაზახეთსა და საქართველოს შორის საშუალო და მცირე ბიზნეს ურთიერთობების გაღრმავებას და ერთობლივი პროექტების განხორციელებას განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის სფეროში. 

ამასთან, ყაზახურ მხარეს ეცნობა, რომ 2015 წლის 21-26 ოქტომბერს ქ. ასტანაში დაგეგმილ რიგით მე-5 გაერთიანებულ საერთაშორისო გამოფენა „KazFOOD'2015" და „Kazakhstan International Halal Expo'2015"-ში იგეგმება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სფეროში მოღვაწე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობა. ამ კონტექსტში ყაზახური მხარის მიერ შემოთავაზებული იქნა ორმხრივი შეხვედრების გამართვის უზრუნველყოფა ყაზახეთის და საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროში მოღვაწე მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შორის.

ასევე, გაცნობებთ, რომ ქ. შიმკენტში გამართული ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გავმართე სამხრეთ ყაზახეთის ოლქში ქართული სათვისტომოს წარმომადგენლებთან, რომლის ფარგლებში ქართული სათვისტომოს წევრებს მიეწოდა ინფორმაცია ბოლო პერიოდში საქართველოში მიმდინარე მოვლენებისა და საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოსა და ყაზახეთის შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებს. ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართულ დიასპორას დიდი როლი ენიჭება ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური, კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობების განვითარებაში და მნიშვნელოვანი კონტაქტების დამყარებაში. სათვისტომოს წარმომადგენლებს, ასევე მიეწოდათ ინფორმაცია დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის პროგრამების შესახებ.