საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები


პრეამბულა

1990-იანი წლების დასაწყისიდან რუსეთის ფედერაცია გეგმაზომიერად და მიზანმიმართულად ახორციელებდა რევანშისტულ პოლიტიკას მისი უშუალო მეზობლის - საქართველოსთან მიმართებაში, დამოუკიდებელი საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე სეპარატისტული განწყობილებების გაღვივებისა და წახალისების გზით. 2008 წელს 7 აგვისტოს რუსეთის ფედერაციამ განახორციელა ღია, სრულმასშტაბიანი აგრესია საქართველოს წინააღმდეგ და მოახდინა მისი ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია. ეს იყო რუსეთის მიერ საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ წარმოებული მრავალწლიანი აგრესიული პოლიტიკის ძალისმიერი დაგვირგვინების მცდელობა სამხედრო ძალის გამოყენებით. კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ხელშეწყობის  ნაცვლად, რუსეთის „მშვიდობისმყოფელები“ თავად აღვივებდნენ დაპირისპირებას მოსახლეობას შორის, ხელს უწყობდნენ მდგომარეობის ესკალაციას, არღვევდნენ ეთნიკური ქართველების უფლებებს, ხოლო რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა ღიად უჭერდა მხარს სეპარატისტულ რეჟიმებს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო სფეროებში. აღსანიშნავია, რომ 2002 წლიდან რუსეთმა დაიწყო აფხაზეთსა, საქართველო და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთი, საქართველო რუსული პასპორტების მასობრივი დარიგების უკანონო პროცესი, რომელიც იყო წინასწარ განზრახული და დაგეგმილი პოლიტიკის ნაწილი და მიზნად ისახავდა ე.წ. „მოქალაქეთა დაცვის უფლების“ საბაბით რუსეთის სამხედრო ინტერვენციას საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე.

2008 წლის 12 აგვისტოს საქართველომ და რუსეთმა, ევროკავშირის შუამდგომლობით, ხელი მოაწერეს ექვსპუნქტიან შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე. სამწუხაროდ, რუსეთი დღესაც განაგრძობს შეთანხმების პირობების, ისევე როგორც სხვა საერთაშორისო ვალდებულებების უგულებელყოფას. რუსეთის ფედერაცია კვლავ აცხადებს უარს აიღოს ძალის გამოუყენებლობის თაობაზე იურიდიული ძალის მქონე ვალდებულება, საქართველოს მიერ ცალმხრივად აღებული ვალდებულების საპასუხოდ. რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები კვლავ იმყოფებიან ქვეყნის ტერიტორიაზე და ახორციელებენ მისი ოცი პროცენტის ოკუპაციას. რუსეთმა აღიარა მისივე ეფექტური კონტროლის ქვეშ არსებული რეგიონების ე.წ. „დამოუკიდებლობა“ და საოკუპაციო რეჟიმებთან ე.წ. „სახელმწიფოთაშორისი შეთანხმებების“ გაფორმების გზით საქართველოს ტერიტორიაზე ორი სამხედრო ბაზა შექმნა და ათ ათასამდე სამხედრო მოსამსახურე განათავსა. აღნიშნულ ბაზებზე მიმდინარეობს შეტევითი სამხედრო პოტენციალის ჩამოყალიბება და ზრდა, რაც მოიცავს მართვისა და კონტროლის უახლესი სისტემების, სატანკო ნაწილების და რეაქტიული არტილერიის კონცენტრაციას, ისევე, როგორც დამრტყმელი სამხედრო დაჯგუფებების წვრთნას. გრძელდება ადგილობრივ მოსახლეობაზე თავდასხმების, გატაცებების და უკანონო დაკავებების პრაქტიკა და მათი ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევები. გაერო-სა და ეუთო-ს მანდატის დაბლოკვის შემდეგ, რუსეთი ღიად ეწინააღმდეგება ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საერთაშორისო მექანიზმების ჩამოყალიბებას, ხოლო საქართველოს  ტერიტორიაზე მოქმედი ერთადერთ საერთაშორისო მექანიზმს - ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას  არ ეძლევა ოკუპირებულ რეგიონებში მანდატის განხორციელების შესაძლებლობა. ამასთან, რუსეთი გამუდმებით აფერხებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობას, რომლის ორი მთავარი მიზანია უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმებზე შეთანხმება და დევნილთა ღირსეულად და უსაფრთხოდ დაბრუნების უზრუნველყოფა.

2008 წლის ომის დროს და შემდეგ, საქართველო მარტო არ აღმოჩნდა მისი სახელმწიფოებრიობის წინაშე მდგარი ამ გამოწვევის წინაშე. საერთაშორისო თანამეგობრობამ ერთმნიშვნელოვნად დაგმო საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მხრიდან განხორციელებული აგრესია და საქართველოს ტერიტორიების შემდგომი ოკუპაცია. მეგობარი სახელმწიფოების ძალისხმევით 2008 წლის აგვისტოში მოხერხდა აგრესიის შეჩერება. ომის შემდეგ მეგობარმა ქვეყნებმა დიდი დახმარება გაუწიეს საქართველოს ეკონომიკური სტაბილურობისა და დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენაში. დღესდღეობით, საერთაშორისო თანამეგობრობა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.


პრეამბულა

საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ

კონფლიქტის ისტორია

ჟენევის მოლაპარაკებები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია

სახელმწიფო სტრატეგია ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ - ჩართულობა თანამშრომლობის გზით

დევნილი მოსახლეობა

საოკუპაციო ხაზთან არსებული მდგომარეობა

საერთაშორისო ჩართულობა


საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოველკვარტალური ანგარიშები


 

Occupied Territories of Georgia

eVISA portal