საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ასტანაში ქართული საღამო გაიმართა

ყაზახეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებითა და ასტანის ქართული საზოგადოებრივი ცენტრის „კოლხეთის" ხელშეწყობით ქართული საღამო გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ქართულ კულტურას, ქორეოგრაფიას და ფოლკლორს. ქართულ საღამოზე წარმოდგენილი იყო აგრეთვე ქართული ტრადიციული კერძები, მრავალი სახეობის ყველი და ტკბილეული.

ყაზახეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზურაბ პატარაძემ სტუმრებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების თაობაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საქართველოში მიმდინარე რეფორმებსა და ქვეყნის მიღწევებზე სხვადასხვა სფეროში.

საღამოს ფარგლებში გაიმართა სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინის დეგუსტაცია. სტუმრების დიდი მოწონება დაიმსახურა ქვევრის ღვინომ, რომელთან დაკავშირებით აღინიშნა, რომ მისი დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდი UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში მოხვდა.

ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილ იქნა ვიდეო რგოლები საქართველოს ტურისტული პოტენციალის, კურორტებისა და ისტორიული ძეგლების შესახებ. ამასთან ერთად სტუმრებს გადაეცათ საქართველოს ტურისტული რეგიონებისა და ღირსშესანიშნაობების ამსახველი საპრეზენტაციო მასალა.

ქართული საღამოს ფარგლებში გაიმართა მიმდინარე წლის 6 დეკემბერს დაგეგმილი საქველმოქმედო ღონისძიების - საშობაო ბაზრის (Christmas Charity Bazaar) პრეზენტაცია, რომლის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი ყაზახეთში საქართველოს საელჩოა.

საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სამინისტროს სხვა მაღალი თანამდებობის პირები, ასევე ყაზახეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საშობაო ბაზრის სპონსორი კომპანიები და ჟურნალისტები დაესწრნენ.