ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ასტანაში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავიდმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა

ქალაქ ასტანაში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა. მიღებაზე შეკრებილ საზოგადოებას მიმართა ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა ზ. პატარაძემ, რა დროსაც ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიღწევებზე სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენიდან 25 წლის თავზე, საქართველოს ინტეგრაციაზე ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებთან არსებულ პრობლემებზე და ასობით ათას ადგილნაცვალ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების სამართლებრივ უფლებებზე. ასევე, ხაზგასმით აღინიშნა საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებში მიღწეული წარმატებები და დასახული მიზნები. აღინიშნა, რომ უკანასკნელ პერიოდში ყაზახურ ბაზარზე საგრძნობლად გაიზარდა საქართველოს, როგორც ტურისტული მიმართულებისადმი ინტერესი. 2015 წლის სტატისტიკური მონაცემების თანახმად საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკიდან ვიზიტორთა რიცხვი 2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით 40%-მდე არის გაზრდილი. დამსწრე საზოგადოებას ეცნობა, რომ მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე ყაზახეთის რესპუბლიკის წამყვანი ავია-კომპანიების გადაწყვეტილებით დამატებით ამოქმედდა ავიარეისები ასტანა-თბილისის და აქტაუ-ბათუმის მიმართულებით.

ყაზახეთის მხრიდან სიტყვით გამოვიდა ყაზახეთის რესპუბლიკის ინვესტიციებისა და განვითარების მინისტრი ა. ისიკეშევი. მის მიმართვაში ხაზგასმული იყო საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები, სტრატეგიული პარტნიორობის და მათი შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობა. მინისტრმა ასევე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ქვეყნებს შორის არსებულ კულტურულ კავშირებზე და გაიხსენა ქართული კულტურის, კინემატოგრაფიის და სპორტის მოღვაწეები.

ღონისძიების ფარგლებში, დამსწრე საზოგადოების წინაშე წარსდგა „აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი". ანსამბლმა საქართველოს და ყაზახეთის რესპუბლიკის ეროვნული ჰიმნები შეასრულა, რამაც დამსწრე საზოგადობის მაღალი შეფასება დაიმსახურა. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღების ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა ექსპოზიცია, ქართული ღვინისა და ვაზის კულტურის თაობაზე.  ყაზახეთის რესპუბლიკის ჟამბილის ოლქში მოქმედი ქართული სათვისტომოს წევრების მიერ სპეციალურად აღნიშნული ღონისძიებისათვის საგანგებოდ დამზადდა 95 მეტრი სიგრძის ქართული ყველი.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ქართული სამზარეულოს მასტერ-კლასი, რომლის ფარგლებშიც ქართველი მზარეულების დახმარებით სტუმრებს საშუალება მიეცათ მოემზადებინათ ხაჭაპური და ხინკალი, ასევე ბადაგში ამოევლოთ ჩურჩხელები და დაეგემოვნებინათ ქართული ტრადიციული კერძები.
ღონისძიების ფარგლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის წარმომადგენელის მიერ ასევე გაიმართა პრეზენტაცია ტურისტული რეგიონების პოტენციალის შესახებ. საზეიმო მიღების ფარგლებში გაიმართა ფოტოგამოფენა „Spectacular Georgia", რა დროსაც წარმოდგენილი იყო საქართველოს ლანდშაფტების, ქართული კულტურული მემკვიდრეობის და ახალი არქიტექტურული ნაგებობების ამსახველი 80 ფოტოსურათი, ასევე გაიმართა ბათუმელი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა.

ღონისძიება გაიმართა ყაზახეთის და ყირგიზეთის რესპუბლიკებში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, ყაზახეთის რესპუბლიკის კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ქ. ასტანის აკიმატის (მერიის) და ქ. ალმატის აკიმატის მხარდაჭერით.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას დაესწრო საქართველოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაცია თავმჯდომარის ბ-ნი არჩილ ხაბაძის ხელმძღვანელობით.
ამასთანავე, საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებულ მიღებას ესწრებოდნენ ყაზახეთის რესპუბლიკაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ყაზახეთის რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ბიზნესწრეების, კულტურის სფეროს და მასმედიის წარმომადგენლები, ანალიტიკური ჯგუფების წევრები, ასევე ყაზახეთის რესპუბლიკის სხვადასხვა რეგიონებში მოქმედი ქართული დიასპორების წევრები.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ