ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საელჩოს თანაორგანიზებით შედგა საქველმოქმედო საშობაო ბაზარი Christmas Charity Bazaar 2015

2015 წლის 6 დეკემბერს ქ. ასტანაში, სასტუმრო რედისონში ჩატარდა საქველმოქმედო საშობაო ბაზარი (Christmas Charity Bazaar), რომლის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი გახლდათ საქართველოს საელჩო. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ყაზახეთის რესპუბლიკაში აკრედიტირებულმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლობებმა, საერთაშორისო ორგანიზაციებმა და კომპანიებმა. საშობაო ბაზარზე ტრადიციულად წარმოდგენილი იქნა 70-მდე ქვეყნის ეროვნული პროდუქცია და სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიის ნაწარმი. საყურადღებოა, რომ ღონისძიება მოინახულა 8 ათასამდე სტუმარმა, მათ შორის, ყაზახეთის სამთავრობო და საპარლამენტო სტრუქტურების წარმომადგენლებმა, ბიზნეს ასოციაციის წევრებმა და ყაზახეთის რიგითმა მოქალაქეებმა.

საელჩოსთვის გამოყოფილი იქნა დიდი და პრეზენტაბელური სტენდი, სადაც განთავსდა საქართველოს შესახებ მასშტაბური სარეკლამო ბანერი. ამასთან, აღნიშნულ სტენდზე საელჩოს მიერ ფართოდ იქნა წარმოდგენილი: ქართული ალკოჰოლური, მინერალური და გამაგრილებელი სასმელების ფართო ასორტიმენტი, ქართული კომპანიების მიერ მოწოდებული მრავალფეროვანი სუვენირები, რომლებიც მაქსიმალურად ასახავდნენ ქართულ ტრადიციებს, კულტურას და ხელოვნებას, ქართული ტკბილეული (საექსპორტო ჩურჩხელები, ჩირი და გოზინაყი) ორნამენტებიანი პანოები, ქართული ჩაის და ნობათის ფართო ასორტიმენტი.

განსაკუთრებული ინტერესი დაიმსახურა საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის ,,საქპატენტი"-ს სახელზე რეგისტრირებული ადგილობრივი წარმოების 18 დასახელების ქართულმა ყველმა. ასევე, ქართული ღვინის პოპულარიზაციის, ცნობადობის ამაღლებისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდის ხელშეწყობის მიზნით, სხვადასხვა ქარხნის ღვინოებთან ერთად წარმოდგენილ იქნა ჩამოსასხმელი ღვინო, რომლის რეალიზაცია მოხდა სპეციალურად დამზადებული ხის კასრების მეშვეობით. ქართულმა ღვინომ განსაკუთრებული შეფასება მიიღო, როგორც საშობაო ბაზრის მონაწილეების მხრიდან, ისევე დამსწრე საზოგადოებისგან.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიება ატარებდა საქველმოქმედო ხასიათს. საშობაო ბაზარზე სარეალიზაციოდ წარმოდგენილი ქართული პროდუქციიდან და სუვენირებიდან შემოსული თანხა გადაეცა ყაზახეთის რესპუბლიკაში არსებულ უპატრონო ბავშვთა სახლებს.

ღონისძიების ფარგლებში საქართველოს საელჩოს თანაორგანიზებით და სპონსორი კომპანიების მხარდაჭერით გაიმართა ლატარიის გათამაშება, რომლის ერთ-ერთი მთავარი პრიზი გახლდათ ტურისტული პაკეტი საქართველოში (2 პერსონაზე). აღნიშნული პრიზი უზრუნველყოფილ იქნა ავიაკომპანია „Air Astana"- სა და საქართველოს საელჩოს მიერ, რომელიც საზეიმო ვითარებაში, „Air Astana"-ს უფროს ვიცე-პრეზიდენტ ე. ოსპანოვთან ერთად გადავეცით მომგებიანი ბილეთის მფლობელს.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ქართული საზოგადოებრივ-კულტურული ცენტრის „კოლხეთის" წარმომადგენლებმა. დიასპორის ფარგლებში მოქმედი ქართული ანსამბლის „ბაგრატიონი"-ს მომღერლების მიერ სტუმრებისათვის შესრულდა ქართული სიმღერები და ცეკვები, რამაც საღამოს ქართული იერსახე შესძინა. აღნიშნულის შედეგად საგრძნობლად იმატა ქართული პავილიონის დამთვალიერებლების რაოდენობამ. ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებული ქართული ღვინის დეგუსტაცია მიმდინარეობდა ქართული ჰანგების ფონზე.

საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის ისტორიულად განპირობებული მრავალწლოვანი კულტურული ურთიერთობებიდან გამომდინარე, ყაზახეთის მოსახლეობისთვის ძალზე მიმზიდველი და მომხიბვლელი აღმოჩნდა ქართული სუვენირები და ქართული პროდუქცია. ყოველივე ზემოხსენებულმა განაპირობა ხალხმრავლობა საქართველოს საელჩოს სტენდთან. ამასთან დაკავშირებით, აღსანიშნავია, რომ საქართველოს საელჩომ ფულადი შენატანის მიხედვით 70 ქვეყანას შორის დიდი უპირატესობით პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო მეორე და მესამე შედეგი აჩვენა შესაბამისად შვეიცარიის კონფედერაციისა და იაპონიის საელჩომ.

საყურადღებოა, რომ ღონისძიება გაშუქდა ადგილობრივი მასმედიის წარმომადგენლობების მიერ, სადაც დიდი მადლიერებით აღინიშნა საქართველოს საელჩოს როლი საქველმოქმედო აქციის ჩატარებაში.

ღონისძიების ფარგლებში ქართული პავილიონი მოინახულეს ყაზახეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა. საშობაო ბაზრის მსვლელობისას საშუალება მოგვეცა სტუმრებისთვის მიგვეწოდებინა ინფორმაცია საქართველოს კულტურის, ისტორიის, ქვეყნის ღირსშესანიშნაობებისა და ტურიზმის პოტენციალის შესახებ. რიგმა კომპანიებმა გამოთქვეს დაინტერესება ყაზახურ ბაზარზე ქართული პროდუქციის შემოტანის შესახებ, რაზეც შემდგომშიც გაგრძელდება მათთან მუშაობა. სტუმრებს მიეცათ საშუალება დაეგემოვნებინათ ქართული სამზარეულო და ღვინო. ასევე, მათ საჩუქრად გადაეცათ საინფორმაციო ილუსტრირებული ბროშურები საქართველოს შესახებ, მაისურები და სხვა სარეკლამო სუვენირები.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ