საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

2013 წლის 12-13 თებერვალს ქ. თბილისში აღმოსავლეთ პარტნიორობის არაფორმალური დიალოგის მეორე შეხვედრა გაიმართა

2013 წლის 12-13 თებერვალს ქ. თბილისში „აღმოსავლეთ პარტნიორობის" არაფორმალური დიალოგის მეორე შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებას ქართული მხრიდან უმასპინძლეს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. ასევე, საქართველოს მხრიდან არაფორმალურ დიალოგში მონაწილეობა მიიღო ევროპულ და ევროატლანტიკურ სრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა. ევროკავშირის მხრიდან მონაწილეობდნენ - გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი შტეფან ფულე, ევოკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე ჰელგა შმიდი და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ევროკომისარი ტრანსპორტის დარგში, სიიმ კალასი. „აღმოსავლეთ პარტნიორობის" აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს ეწვივნენ ინიციატივაში ჩართული ყველა ქვეყნის მაღალი დონის დელეგაციები, კერძოდ, მოლდოვას რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრი, იურიე ლიანკა; სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ედვარდ ნალბანდიანი; ბელარუსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვლადიმერ მაკეი; აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მაჰმუდ მამად-გულიევი და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის საკითხებზე დეპარტამენტის დირექტორი, ვსევოლოდ ჩენცოვი.

საქართველოში ჩატარებულმა არაფორმალურმა შეხვედრამ, „აღმოსავლეთ პარტნიორობის" შემდგომი განვითარების საკითხებთან ერთად, სექტორული, კერძოდ, ტრანსპორტის სფეროში დიალოგის ელემენტებიც მოიცვა. საქართველოში პირველად გაიმართა ამ ფორმატის შეხვედრა, რომელიც დარგობრივ ელემენტს ითვალისწინებს.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის" არაფორმალური დიალოგის მეორე შეხვედრა წინ უსწრებდა 2013 წლის 28-29 ნოემბერს ქ. ვილნიუსში დაგეგმილ „აღმოსავლეთ პარტნიორობის" რიგით მესამე სამიტს, რამაც მხარეებს სამიტისთვის უფრო ეფექტიანად მომზადების შესაძლებლობა, დასახული მიზნების მიღწევის გზებსა და არსებულ გამოწვევებზე მსჯელობის საშუალება მისცა.„აღმოსავლეთ პარტნიორობის" არაფორმალური დიალოგის ფორმატი შემოღებულ იქნა 2012 წლის 17 აპრილს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის ქეთრინ ეშტონისა და გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ შტეფან ფულეს ექვსი აღმოსავლეთევროპული პარტნიორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებისადმი ერთობლივი მიმართვის საფუძველზე. „აღმოსავლეთ პარტნიორობის" არაფორმალური დიალოგის პირველი შეხვედრა 2012 წლის 5 ივნისს ქ. კიშინეუში გაიმართა.

2013 წლის 12 თებერვალი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი